საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, 78 ხმით, მხარი დაუჭირა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლითაც ცვლილება შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგინა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიზანი, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
ცვლილებების თანახმად, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სავალდებულო იქნება სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა.
ამასთან, განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, შესაძლოა დადგინდეს ზემოაღნიშნული პერიოდისგან განსხვავებული დროის მონაკვეთი ან დაწესდეს დამატებითი მოთხოვნა, სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებთან ერთად მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვის შესახებ.
ზემოაღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
ზამთრის საბურავების ტექნიკური მახასიათებლები საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.